მეღვინეობა გიუაანი საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მდებარეობს, თბილისიდან 45 კმ-ის დაშორებით. გიუაანი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს ეზიაროს.
Საწარმოს ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი საუკუნოვანი ქვევრები, რომლებიც 1894 წელს გვარის გამგრძელებლის მიხეილის (მიხაკოს) დაბადების აღსანიშნად ჩაიყარა. ამავე წლიდან გიუაშვილებმა ღვინის კომერციალიზაცია დაიწყეს, რასაც 2010 წლეს თანამედროვე საწარმომ ახალი სული შთაბერა.
მეღვინეობა გიუაანი არის თანამედროვე საწარმო, რომელიც აღჭურვილია უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებით, ქვევრებითა და მუხის კასრებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ვაწარმოოთ მრავალფეროვანი სტილის ღვინოები ქართული ენდემური ჯიშებისგან.
ღვინის წარმოების თითოეული ეტაპი მიმდინარეობს საწარმოში მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, რაც განაპირობებს გიუაანის ღვინოების უმაღლეს ხარისხს.
გიუაანში სტუმრობისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ საწარმო და დააგემოვნოთ სხვადასხვა ღვინოები, ჭაჭა და ქართული ბრენდი ჩვენს პროფესიონალ სომელიესთან ერთად. ასევე შეგიძლიათ ჩაერთოთ რთველში და სხვადასხვა მასტერკლასებში, სადაც ისწავლით პურის ცხობას, ჩურჩხელის დამზადებას, ჭაჭის გამოხდასა და მწვადის შეწვას.
Მეღვინეობა გიუაანის კომპლექსში ასევე შეგიძლიათ დარჩეთ ჩვენს ბუტიკურ სასტუმროში და ისიამოვნოთ მოდერნიზებული ქართული სამზარეულოთი, მრავალფეროვანი ბაღით, აუზითა და სხვადასხვა აქტივობებით.